საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ ტერმინ გენოციდის წოდებასთან ფრთხილად იქნებოდა, რადგან "ეს ორი ხალხი ძმები არიან". გუშინ, 12 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინაში რუსეთის ქმედებებს პირველად უწოდა "გენოციდი".
მაკრონი ამბობს, რომ რიტორიკის ესკალაცია სიტუაციას ვერ დაეხმარება.
"დღეს ასეთ ტერმინებთან ფრთხილად ვიქნებოდი, რადგან ეს ორი ხალხი [რუსები და უკრაინელები] ძმები არიან. მინდა, გავაგრძელო ცდა, რამდენადაც შემიძლია, რომ შევაჩერო ეს ომი და აღვადგინო მშვიდობა. დარწმუნებული არ ვარ, რომ რიტორიკის ესკალაცია ამას ემსახურება", - თქვა მაკრონმა.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. მოკლულია ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ლტოლვილად და დევნილად იქცა 10 მილიონზე მეტი ადამიანი. რუსი ჯარისკაცები სასტიკად უსწორდებიან სამოქალაქო პირებს.
მას შემდეგ, რაც კიევის ოლქში ქალაქი ბუჩა რუსებისგან გათავისუფლდა, აქ ასობით სამოქალაქო პირის ცხედარი აღმოაჩინეს. ზოგიერთი მათგანი სარდაფში, ხელშეკრული იყო და ტყვიები ზურგიდან ჰქონდათ ნასროლი. რუსები ხოცავენ ქალებს, ბავშვებს და მოხუცებს.